...ან რატომ მიკვირს, 
სად მიპოვეს, 
ან აქ რად დამსვეს ცოცხლად, 
თითქოსდა არასოდეს ვყოფილვარ მკვდარი...
მე გავლილი მაქვს ეს სიცოცხლე და ის სიკვდილი,
თავის უცნაურ თამაშებით,  მზითა და მთვარით.  

 მადლობელი ვარ, 
რადგან სიტყვა შემომაშველე,
მშობლიურია,  
იმ მურდალზე ასჯერ სანდოა, 
ვინც ასპიტივით შხამს აგროვებდა,  
და სიძულვილმა რომ ასაზრდოვა. 

 მე ფურცელ-ფურცელ ვიმოგზაურებ,
და ისე, 
გამვლელს როგორც შეჰფერის,
ღამით მთვარის და 
დღისით მზის სხივი
იქნება ჩემი სანიშნებელი. 

 და შენ შემინდე, 
როდესაც სიტყვით 
ვეძებ, ვპოულობ, შეგრძნებას ახალს,
ისე, როგორც  მე, 
შენც ამ მიწაზე 
ცოდვა-მადლს შორის ბორძიკით დახვალ.

 ყური დამიგდე,  მშიერო ძმაო,
რომ დაიღალე და აღარ იცი,
რომ მეტი დარდი არის მიწაზე 
შემოსაზღვრული უფრო მყარი ცით... 

ჩუმად ვაგრძელებ სხეულის გახდას
და ალბათ,  სულ რომ განვიძარცვები,
აღმოცენდება  ჩემი გულიდან 
ქარით  ნათესი ხორბლის მარცვლები, 
სადმე ყაყაჩოც გამოერევა,
გაუბრწყინდება თვალი ნამცვრევი...