Wednesday, February 23, 2011

წყურვილი **ლელა ცუცქირიძე**


სად  გადარეკე  ჩემი ღრუბლები ასე ქარდაქარ,
შუბლზე ნიშნად ცისკრისფერი ვარსკვლავი ენთოთ,
წვიმებისაგან დასკდომაზე ჰქონდათ ცურები…
დღეს თუ  ხვალ, ჭიშკარს მოადგებობდნენ
 ეჟვნად შებმული ჭექა–ქუხილის  ჟღრიალ–ჟღრიალით.

ახლა კი…
ახლა, ამ ბურბურა  მკათათვისაგან
ჩემი წყალუხვი მდინარე შრება.
ვეღარ ანთებენ გაშლილ ჭალებში ფშატის ხეები სანთლებად ნაყოფს,
მიწა დაღლილი ბერიკაცის ხელივითაა,
უღონოდ ფეთქავს.

იქ, მშრალ ნაპირზე  მეთევზე დგას,
ხელში  უჭირავს ნისლებისფერი დარაია,
როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი
და ელოდება, რომ ახმაურდეს მშრალი მდინარე,
მერე კალმახებს ლურჯ–წითელი წინწკლები სთხოვოს
და  ჩემთვის ნაყიდ დარაიას მიმოაპნიოს.

ჩემი სატრფოა ეს მეთევზე,
რამდენი დღეა, მის მოსვლას ვუცდი…
შენ კი…

იქნებ მორეკო ჩემი ღრუბლები,
წვიმებისაგან სავსე ცურებით,
წყალუხვი გახდეს მშრალი მდინარე
გამოცურდნენ  კალმახები
და ჩემს სატრფოს წინწკლები მისცენ.

…მოვა მერე  ჩემს ჭიშკართან ჩემი მეთევზე,
ეზო იქნება დატბორილი ნაწვიმარი იების ბინდით,
ცა  –  ლურჯი, ლურჯი, ანგელოზის პერანგისფერი,
სახლი  –  ხასხასა, შემოსილი სუროს ქათიბით…
და სწორედ მაშინ, სპილენძის თუნგს როცა გავუწვდი,
სავსეს კისკისით,
შეიფრთხიალებს დარაია ჩემი სატრფოს ხელისგულებზე,
როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი
  და გაიშლება  – ნისლებისფერი, ლურჯად და წითლად გადაწინწკლული.
თვალებით ვეტყვი ჩემს მეთევზეს:
შემომახვიე, დარაია,
რომ შემეხოს შენი თითები,
თორემ საცაა,
ღილებაწყვეტილ  ღილ–კილოდან ამომისხლტება შენი სურვილი.

ახლა ხომ ხვდები, რატომ მინდა, რომ მორეკო
ჩემი ღრუბლები…

No comments:

Post a Comment