Saturday, July 14, 2012

შენს ხმაში *** ნინი ელიაშვილი***


ლექსზე დამეტყო შენი ხმის ლაქა, -
გამოულევი სევდის მდინარე...
მრავალჯერ მეტყვი - არმყოფი - აქ ვარ!
სიახლოვიდან გამომდინარე.
შენი უაზრო სიტყვები მესმის,
რადგანაც აზრი ჩვენთვის მეტია!
გამოღვიძების ცივი მზე შემშლის
და შენს არყოფნას გზები მეტყვიან.
მივხვდები როგორ მიხმობს ჩვეული
შებინდებული ქალაქის სევდა.
ეს გული ქარში გადახვეული
ათასი წლის წინ რომ გამიჩერდა,
ისევ დაიწყებს აჩქარებას და
კვლავ გავაგრძელებ დაწერილ ლექსებს..
ყოველი გვერდის ჩამთავრებასთან
ჩემი კალამი თვითონვე გეძებს.
ლექსში ხმაურობს შენი ხმის ლაქა,
შენი არყოფნაც ლექსში ხმაურობს...
გავიმეორებ ათასჯერ ნათქვამს -
მინდა შენს ხმაში ვიმოგზაურო !
ახლა როდესაც სინათლე კვდება,
უხმოდ ჩამოკრა სიბნელის ზარმა..
ახლა - უბრალოდ მე გული მწყდება,
რადგან იძახი აქმყოფი - არ ვარ....

No comments:

Post a Comment