Thursday, May 19, 2011

აბო ვარ, არაბი... **ლევან ქერდიყოშვილი**


აბო ვარ, არაბი...
იარებს არ ვჩივი,
დე სისხლმაც კისრიდან მტკვარივით იაროს!
აბო დღეს ქრისტესთან მივა და ნამდვილი,
მის სულში ნამდვილი სიცოცხლე ხმიანობს.

აბო ვარ, არაბი...
არაფრის დიდებით
არ ძალმიძს ”ქრისტეს” თქმას შიშით ვერ ვბედავდე.
ბედია სისხლ-ხორცით რომ იყო არაბი
და  ქართველს მაგალითს აძლევდე ბედადვე
რწმენის და სიმტკიცის!
აბო ვარ, არაბი...
ცეცხლი და მახვილი აბოდებთ ხალიფებს...
დამარხვას ვინ ჩივის, დამწვავენ ნაწამებს
და ჩემს ძვლებს ქართველი სანთლებად დაინთებს!

აბო ვარ, არაბი...
იქნება ვინმესთვის
სხვა ქვეყნის, სხვა ერის, სხვა მიწის შვილი ვარ...
(ამბობენ რომ ყველა შვილია ქრისტესთვის)
საქმით კი ზეცაში ქრისტესთან ვინ მივა?

აბო ვარ, არაბი...
დამბყრობად მოსული
იქ სადაც ჯერ კიდევ მზის სხივი კიაფობს
და ნუღარ ”ირყევით ვითარცა ლერწამნი!”
ამაღამ აბო თავს ქრისტე ღმერთს მიანდობს!

......................

აბოდებთ ამირებს ცეცხლი და მახვილი -
ნაგვემი, ნატანჯი, ნეტარი აბო ვარ.
ვიპოვნე სიცოცხლე, სამშობლო ნამდვილი
და მტკვრიდან მთელს ქართლში სინათლედ ამოვალ!


18 აპრილი
თბილისი

No comments:

Post a Comment