Friday, May 13, 2011

საშველად ოაზისს დავეძებ ... ***კატო ჯავახიშვილი***


საშველად ოაზისს დავეძებ თვალებით,
შიშველი ვიმუხლებ ქვიშების მინდორთან,
რატომ არ ჩააცვით სამყაროს შავები,
როცა მზის გარეშე ცხოვრება მინდოდა.
ხნულები ვერ გამყავს,
აქ სულ ქვიშებია,
განთიადს სახე აქვს ნაფრესკალ ქალწულის,
ჩემი სტრიქონებიც აქვე შიშვლდებიან
წყურვილის შიმშილის მზის ხელში დაწურვით.
შვიდგზის გიპოვე და შვიდგზის კვლავ დაგკარგე,
მშრალი სინანული მითხარ სად დავტოვო,
ახლა შუბისტარზე საწუთრო ავაგე
ოქროს ნაყოფივით მზეს რომ დავატოლო.
გახსოვს?!
ის ლექსები ჩემი დანაღმული,
ღამით რომ ვერაფრით ვიწვენდი მკლავებზე,
როგორ მენატრება მიწა დანამული,
ახლა გაგრილებას ტუჩებით დავეძებ.
გაჩერდა კადრი!
ეს მართლა გესლია,
სფინქსივით ცივი და სფინქსივით მდუმარე,
თუ მხოლოდ ზურმუხტის ნაპერწკლებს მესვრიან,
დროს სტალაქტიდებით რომ გადაუარეს.
ვიცი გადარჩენა აქ ძალზე ძნელია,
შვიდგზის მიყვარდი და შვიდგზის გიღალატე,
მხოლოდ უდაბნოა და არსად მელიან
და მხოლოდ თვალები გულს, რომ მიმალავდნენ.
ნერწყვით მისველდება შიშველი მუცელი,
სხეულში საამო სიგრილის ტენია,
შვიდგზის გაფატრული გრძნობების მოცელვით,
მტანჯავს აგონია, როგორც ისტერია.
მტკივა!
და ცრემლები იშლება ნისლებად,
ტკივილი სხეულზე შამანად დავისვი,
რვეული მელნისგან ნელ-ნელა იცლება
და ცხელ უდაბნოში მკლავს მე ოაზისი.
შვიდგზის ფხიზელი და შვიდგზის ნამთვრალევი
გრძნობა, მონარჩენი ფქვილივით გავცერი,
მომაქვს,
ამოთხრილი ზურმუხტის თვალები
ქვიშის საათივით დროისგან გაქცევით.

1 comment: