ერთი დღე იყო სიკვდილამდე,
სასაფლაოს რომ ჩავუარე.
საღამოს ცა სულს ღაფავდა, დაისრული კვიპაროსებით.
წვეთავდა ნისლი.
ვფიქრობდი ჩემთვის:
რომელ საფლავს ანათებს მთვარე –
პურის ნატეხი ჩემი უფლის გამოწვდილ პეშვში
და რომელ საფლავს ანათებს მთვარე –
ოცდაათი მონეტა ვერცხლის.
ვფიქრობდი ასე, მწუხარე მგზავრი:
მათარაში ღვინო მისხია,
ჩამოვჯდები ერთ–ერთ საფლავზე,
მღვრიე ხავსის ქვეშ თითებით ვიგრძნობ ეპიტაფიას:
ვინ არის იგი, ვინ უყვარდა, რაზე ფიქრობდა…
ვინ არის იგი, ვინც დაღლილმა და შემცივნულმა
სხეულზე მიწა დაიყარა და მიიძინა…
შენდობას ვეტყვი.
ვფიქრობდი ჩემთვის: უცნაურია.
ჩემგან მარჯვნივ – შემოდგომაა,
ჩემგან მარცხნივ – გაზაფხული,
პირდაპირ წავალ – ზამთარია,
უკან – ზაფხული და ყველგან, ყველგან, ოთხივ კუთხით,
რიალებენ გარდაცვლილები,
ღმერთმა რომ სული შეუბერა,
მოკიაფე ბაბუაწვერებად გადააქცია.
ისინი სდუმან.
მათი დუმილიც ოქროსავით კიაფობს ახლა.
ერთი დღე იყო სიკვდილამდე, სასაფლაოს რომ ჩავუარე.
ვფიქრობდი ჩემთვის, რაც აქამდე არ მიფიქრია:
ვცხოვრობდი ლხენით,
მოტირალებთან ვხარობდი და მოხარულებთან, ბოღმისაგან მდიოდა ცრემლი.
ხეებსაც ვრგავდი, ვუვლიდი, ვრწყავდი და მეგონა, მე ვიყავი მქმნელი ყველაფრის,
ვერ კი ვხვდებოდი,
ჩემს დარგულ ხეებს ღმერთი ზრდიდა,
ის ახარებდა.
მწვანე ფოთლებსაც ის უქცევდა თოთო ბარტყებად,
აფრთიანებდა და ცად უშვებდა.
სასაფლაოსთან ჩავიარე.
საფლავის ქვებს მივათრევდი, ვფიქრობდი ასე,
რომ საფლავები მიწაზე არა,
ცოდვებისაგან გამრუდებულ ჩემს ხერხემალზე ამოზრდილი
მძიმე კუზია.
უნდა ვათრიო, ახია ჩემზე! ეს მე ვარ მკვდარი!
თუმცა დავდივარ…
მე არ ვიყავი? არავისთვის არასდროს მითქვამს:
ძმებო, ვატაროთ ერთიმეორის მძიმე ტვირთი,
შევეშველოთ ერთიმეორეს.
ვფიქრობდი ჩემთვის:
ჩემი სხეული ისე არის შეჭირხლული უკეთური ზრახვით და საქმით,
წლებით, რომლებიც სავსე იყო რისხვით და შუღლით,
გამყიფებულს რომც შეეხოს ღმერთის ხელი,
ჩამოიმსხვრევა და მიწასაც ვერ შეერევა,
რომ ხელმეორედ აღმოცენდეს, მწვანე ბალახში იპოვოს შვება…
ვერ იქცევა იმად, რაც იყო.
ერთი დღე იყო სიკვდილამდე,
სასაფლაოს რომ ჩავუარე.
საღამოს ცა სულს ღაფავდა, დაისრული კვიპაროსებით,
ვფიქრობდი ჩემთვის:
მათარაში ღვინო მისხია,
მოვძებნი საფლავს, ჩამოვჯდები,
მღვრიე ხავსის ქვეშ ხელის თითებით წავიკითხავ ეპიტაფიას,
უნდა ვთხოვო, მას ვისაც სძინავს და ჩემზე მეტად არის ცოცხალი,
მომიტევოს, შენდობა მითხრას.
რომ ჩემი სული ფიჭვის კვარივით აციმციმდეს
და უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ.
ერთი დღე იყო სიკვდილამდე,
ვფიქრობდი ასე, მწუხარე მგზავრი…
No comments:
Post a Comment