Saturday, February 16, 2013

*** ნინი ელიაშვილი ***


ქუჩები დავღალე.. ქარიანს, ნაღვლიანს -
მინდოდა მეპოვნა საჩემო ადგილი.
ყველას ვიღაცა ჰყავს და ყველას სახლი აქვს..
ფურცლებს ვეფერები, ლექსებს კი დავტირი.
შენს სახლთან მოვდივარ და მომაქვს ცრემლები,
ღმერთო, აკინძული ერთ უბის წიგნაკში.
აქაც დაგდგომიან ერთგული მცველები,
გაქნილნი შენამდე მოსატან სიტყვაში.
რა ვუყო სიმაღლეს, რომელიც მარგუნე?
ნუთუ ყველაფერზე მეც თვალი დავხუჭო??
სიცოცხლეს, კვლავ, როგორც უდაბნოს გავყურებ.
მაინც მეშინია, რომ არ გავაფუჭო
რამე, რაც აცოცხლებს, ახარებს დანარჩენ
სამყაროს და მე კი დღითიდღე ვიცვლები;
უკვე აღარ ვცდილობ - ვიცოცხლო, გადავრჩე,
ვაშენო, ვითვალო წლები და რიცხვები.
არეულ ამინდებს ვუხდები გიჟივით
და როცა მგონია ვიპოვე რაღაცა,
ქარი მესალმება ჩვეული სიცივით.
ქარია! ქარია! რომელმაც გამძარცვა.
შენს სახლთან მოვდივარ და მომაქვს სიგიჟე,
ღმერთო, აკინძული ერთ უბის წიგნაკში..
სითბო და სიცოცხლე მე ვერ ავითვისე,
ვდგავარ გაყინული ისევ შენს წინაშე...

No comments:

Post a Comment