Friday, January 4, 2013

*** ნინი ელიაშვილი


გამიხშირდა საუბრები ღმერთთან,
რადგან ძალზედ დამიმძიმდა სული.
ბოლომდე რომ შევძლო ამოხეთქვა,
ალბათ გიჟი გეგონებით სრული..

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიჩუმე ჩემი თავშესაფარი
გახდა.. წლებია მე მის ხმას ვუსმენ..
შენ ხომ ჩემს ცოდვებს გადაეფარე..
(რა შემზარავი ხმა აქვთ ამ ლურსმნებს!)
სადღაც ქარია, ჩემთანაც ცივა..
შენ გაწამებენ რკინის კაცები
და მე უბრალოდ ქარი და წვიმა
მაწუხებს. როცა გამიტაცებენ
ფიქრები შენზე, მტკივდება ტანი
მთლიანად, მიღრნის ნერვებს განცდები..
არ ვარ იოლად თუ ასატანი,
შენს მომდრეკ თვალებს რომ ვერ ავცდები
მაინც, ეს ვიცი, ამიტომ მინდა
გაგექცე. იქნებ ვერასდროს გნახო!
მაგრამ ასეთი სუფთა და წმინდა
რად ჩნდები ჩემთან სულ უფრო ახლო??

სადაც არ უნდა ვიყო, რომც მოვკვდე,
სადაც არ უნდა მარგუნო ბოლო,
თუნდ როგორც მინდა ვერ დავბოლოვდე,
ეს სიახლოვე მიშველის მხოლოდ!

No comments:

Post a Comment