Friday, August 30, 2013

შენ *** საშა გველესიანი***

ვერხვები ქარში უკრავენ რონდოს,
მე კი უშენოდ ამ ქარში ვერ ვძლებ,
ჩუმად ვაძალებ გულს დაგელოდოს
და გაზაფხულში შენს სურნელს ვეძებ.
გეძებ და ეს გზა სადმე მიმიყვანს,
დრო შუბლს გადახნავს, ცრუ და ავპირი,
მე ჩემში შენი იმედი მიყვარს
და შენში __ ჩემი სულის ნაპირი.
გაზაფხულს როგორ იხდენენ სხვები
მე კი ზამთართან ერთად დავბერდი...
უშენო სულის თონეში ვცხვები,
კუტი პურივით გამტეხავს ბედი.
თუკი ტკივილი მეც მომირჩება,
თუ მონატრება მეც გადამივლის,
უშენობამდე წუთები რჩება
და ჩემი გული ამ წუთებს ითვლის.
მზემ გაზაფხულის ზარი ჩამოჰკრა,
თუმცა გულცივი მარტით დამსაჯე,
შენ შეგიძლია ათასჯერ მომკლა
და გამაცოცხლო ისევ ათასჯერ.
მინდოდა ჩუმად რაღაც მეკითხა,
ჩუმად მენახე, თვალის ავლებით,
შენ ყველაფერზე ბევრად მეტი ხარ,
მე __ არაფერზე ოდნავ ნაკლები.
დავდივარ, ვეძებ რომ გადავხატო,
მზე როგორ კოცნის დაბერილ კვირტებს,
არ მიმაჩვიო ცხოვრებას მარტო
და შენი მოსვლა არ გამიკვირდეს.

No comments:

Post a Comment