Wednesday, October 24, 2012

ასეთ ამინდებში ***ნუციკო დეკანოზიშვილი***

ასეთ ამინდებში (როცა შემოდგომა
წვება ფარდაგებად) მხიბლავს აზრთაწყობა,
რომ უნდა ვაბრალო ნაღველი ამინდებს
და ლოიალური სექტემბრის განწყობა
შიშების სამიზნედ
გავხადო...
ჩავიცვა ქურთუკი (თუმცა, ჯერ არ ცივა),
ჩავიწყო ხელები აბსურდის ჯიბეში
და ასე დაცული სიმშვიდის გრაცია
კოლბებით დავაწყო თაროზე-

-სინჯებში...
ასეთ ამინდებში (თუმცა, ჯერ არ ცივა)
მიჩნდება მიზეზი ოთახის გარდაქმნის
გარემოს ფანტომად...ვზივარ და განწყობას
ამინდებს ვაბრალებ...
ქარები ბარბაცით
(მთვრალი კაცებივით)
მიმტვრევენ დარაბებს...
ალიბი გავრანდე-
-მჭირს მელანქოლია
უწამლო რეცეპტით...
დამშვიდდით, ქარებო!-
-გიკვეთავთ ფოთლებს შე-
-მოდგომის... დამხურეთ...
რეპეტე!
ტაშს ვუკრავ მინასთან-
-წვიმებმა მოაწყვეს
წვეთის სიმფონია
აივნის რიკულზე
და ჩემი ოთახი
კლდის თავშესაფარი
მგონია...
მერე, დეკემბერი
ზამთრის აგონიას
დამმართებს-
თოვლიან ქუჩებში
ღიმილით
სულს რომ ძლივს
დავათრევ...
ასეთ ამინდებში ვწერ-
-უამინდობის ალიბი
გავრანდე...

No comments:

Post a Comment