Sunday, January 30, 2011

*** დათო მაღრაძე

ამაყობს შავი დედალი მომცრო, -
კაკანით დადო ფაბერჟეს კვერცხი…
როცა კანკანით ჩხრიალებს ოქრო,
ხელისკანკალით ითვლება ვერცხლი.

შეაგროვებენ კვერცხებს კალათით,
სტუმრებს დახედავს მთვარე აივნის,
მტკვრის სანაპიროს წითელ ხალათით
ფარნით ნაძებნი ბიჭი აივლის.

- წითელპერანგა მტკვარის მეთევზეს -
იმასაც შენი სახელი ერგო
და ქვაფენილთან დამრეც კედელზე
მიწერილია:
სერგოს + სერგო.

… თენდება, ჩქარობს საქმეს ევროპა, -
ჯვაროსანი და გრაალის მცველი,
… აღმოსავლური ფარისევლობა
გაიზმორება ათრეულ წელით.

აღმოსავლეთი ვისთვის ახალი
ხილია, ძველო,
შენსავით ძველი,
დაწინწკლულია ხალით ხახალი,
თენდება ძველით წელი ახალი.

აშხივებულა ხორცით მაყალი,
დაიძრა ბოლი თვალების მწველი
და მთაწმინდური აყალმაყალი
აზიდულ წარბით და ხელით ხმელით…

დრო, -
როგორც წვივში მოსმული ცელი
მიდის, და მოაქვს რაც არის ძველი,
უცხოელ სტუმრებს თბილისი ელის…
მთაწმინდის ფერდზე გზა მიდის ძნელი,
მასპინძელია “ძალიან ძველი”,
არღნის ჩიტივით მორთული, ჭრელი,-
ძველი ჩუქურთმის ახალი მჭრელი,
… თენდება ძველით ახალი წელი.

კანკანს მოჰყვება ჩხრიალი ვერცხლის
და დედლის კაკანს ფაბერჟეს კვერცხი,
საკანის ჭერში ბუდეა მერცხლის,
ბოლო ბაქანი -
“ფრთები და ცეცხლი”.

No comments:

Post a Comment