Friday, April 22, 2022

სული შემიბერე *** თეა თაბაგარი

 


სული შემიბერე
 
გული დამიბუჟდა, ღმერთო,
სტკივათ კაპილარებს სისხლი,
თუმცა არსებობას ვერ ვთმობ,
მიმძიმს, უსაშველოდ მიმძიმს.
 
რა დროს რითმაა და, სიტყვებს
ვეღარ მოვუყარე თავი,
უნდა ემოციას მივყვე,
მიწისქვეშიდან რომ ჩხავის.
 
ისე აირია ზეცა,
უფრო დავემსგავსე შეშლილს,
უკვე ნატვრად მექცა, მზეც არ
გამოირთვებოდეს ჩვენთვის.
 
რა დროს ოცნებაა, როცა
ფიქრსაც შეეჩვია შიში,
წამებს მოგონება ხოცავს,
ცრემლი თვალთახედვას მიშლის.
 
და ხელაპყრობილი შეგთხოვ
თრთოლვით, მდგარი ხიდზე ბეწვის,
სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე… საქართველო მეწვის.
 
თეა თაბაგარი

Tuesday, September 10, 2019

ნუ ხუჭავ თვალებს! /ნინო ალადაშვილი/


ნუ ხუჭავ თვალებს!
მიყურე და დამიმახსოვრე!
დაიმახსოვრე ყველა კოცნა,
ყველა სუნთქვა,
ყველა შეხება,
მომლოდინე შენს სხეულზე
ამოზრდილი,
სიხარულით მოზეიმე
ჩემი სხეული.
უყურე, როგორ იმეორებს
შენი ხელები
ჩემი ტანის ყოველ ფორმას,
ყოველ ხაზს და
მთლიან სილუეტს.
მინდა ხედავდე,
როგორ ენთება ჩემი კანი
შენ შეხებაზე
და მთვარის შუქზე
ლოტოსივით
თეთრად ელვარებს.
მინდა ხედავდე,
როგორ ხარობს ჩემი სული
შენთან ყოფნით.
ჩემს ყოველ კვნესა-ამოსუნთქვას
თან მოჰყვება
პირველყოფილ
ვნების სიმძაფრე.
მინდა ხედავდე,
სად ერთდება
ჩვენი სხეულის მდინარეები:
ბაგეებიდან დაწყებული სათავეები
ერთმანეთს ერწყმის.
ჩემი თმებიდან წამოსული ნაკადულები
შენს ყელს აწყდება.
ჩემი ხელები შენს მხრებს ერთვის,
შენი ხელები ჩემს მკერდს ერთვება.
იკვეთებიან აჩქარებულნი შუაწელში
და დიდდებიან.
მერე ორივე მიექანება
ფეხებთან ერთად,
ფესვებივით,
სადღაც ქვემოთ,
უსასრულო სასრულობაში.
ნუ ხუჭავ თვალებს!
მინდა მხედავდე,
და გესმოდეს,
და გჯეროდეს -
მე შემიძლია გადმოგისხა ჩემი სიცოცხლე.....
ჩვენი ცხოვრების მდინარეებმა
რომ იდინონ
დაუსრულებლად!...
/ნინო ალადაშვილი/
10
აგვისტო, 2019 .


Sunday, July 7, 2019

ისევ ის გზა და ცაც ისევ ისა... **ტარიელ ხარხელაური**

ისევ ის გზა და ცაც ისევ ისა...
და გვირილების ველი მყივარი,
ამომეშალა ყაყაჩო ნისლად
და გაუმხილა გულს სატკივარი.
შემოღმუოდა ბნელ ხეებს ქარი,
ჭალაში დადის ნისლი ეული...
გადმოვდექ სერზე უიღბლო მგზავრი
შენგან,
ყველასგან ზურგშექცეული
და კვლავ წვიმიანს ვითვლი საფლავებს,
თუმცა ვარსკვლავებს შუბლით ვეხები...
ბარბაცით მივდევ ღამეს ნამთვრალევს
და მიმაცილებს სუნთქვა ვერხვების.
შენ იქა სდგახარ,
სადაც ლანდები
და ზეციური ხმები იძვრიან,
მივალ, იქ მივალ, შეგიყვარდები,
შეგიყვარდები, ჩემო ნიბლია;
ნუ მომწერ ახლა,
ნურაფერს მომწერ,
გემუდარები, იყავ სულგრძელი,
ნუ დამაყვედრებ იმ ლამაზ ქორწილს,
დადუმდი მზეო და გაუძელი...
დადუმდი,
თუნდაც მიიქცე ფერფლად,
ცეცხლმა დაგწვას და ჩამოგაშავოს,
რასაც დღეს ჰფიქრობ,
რაც უნდა გეთქვა,
მერე სთქვი, ჩემი ციხის ნაშალო.
მერე...
მე როცა აღარ ვიქნები,
სიმძიმე ცრემლის თვალს
შეგიშფოთებს.
გაედევნები ცხელი ფიქრებით,
შენს ბაღთან ქარით
წამოშლილ ფოთლებს.
ისევ მწყურიხარ ჟამისგან ნაგვემს,
თუმც სივრცე მიწოვს უამინდობას...
კლდედ იქეც, სალ კლდედ,
გაქვავდი, ბაგევ,
ვიდრე ამოგცდეს სიტყვა
"მშვიდობით..."
ტარიელ ხარხელაური

Thursday, September 8, 2016

ეჭვი <<< მანანა ფრუიძე >>>



მზემოკიდებულ ჭვავის ყანას გაექცა გველი 
ადევნებოდა ოქროსფერი უმხურვალესი, 
ცახცახებს ვნება უმაძღარი,ცეცხლივით მწველი 
და სურვილს გიკლავს სათივეზე ქალის ალერსი.

გაშიშვლებულა სიყვარული სიშიშვლით ურცხვის,
ქათქათებს მკერდი და მკათათვის ზიზღით ვინთები,
ამომაკვნესებს ღაწვდახოკილს სიმლაშე კურცხლის,
ეჭვიან მზერას დაფარავენ სველი თითები

და... გარინდება ჩააკვდება სხეულს ხელებში,
და... ბინდისფერად მინავლული - უღვთო ღალატით,
ვიხეტიალებ გაფითრებულ,ჩამქრალ ფერებში,
ვით განთიადის მომლოდინე ბედის ჯალათი. 

Tuesday, September 6, 2016

ს ა შ ე მ ო დ გ ო მ ო გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ა <<< ცირა ბარბაქაძე >>>

უნდა წამოვკრიფო
სულის ნაწილები,
ვიდრე ეს ქარები
ღრუბლებს წამოშლიან,
ვიდრე თოვლი მოვა,
ვიდრე გაწვიმდება...
ვიდრე შემოდგომა
მზისფერ სამოსშია...

მერე მოგიყვები
ამ დღეს დაწვრილებით _
რაზე იცინოდა
მთვარე დავერცხლილი,
ფოთლებს მივუყვები...
ვიდრე გაწვიმდება,
უნდა წამოვკრიფო
სული სარეცხივით.

ახლა უშენობაც
შენი ნაწილია...
უფრო ნამდვილი და
უფრო შორეული...
მაინც უშენობით
დაღლილ_დაცლილი ვარ,
ქუჩას მივუყვები
წვიმამორეული...

Friday, July 15, 2016

არ კმარა უბრალოდ რომ მითხრა: მიყვარხარ...<<< ცირა ბარბაქაძე >>>


* * *
არ კმარა უბრალოდ რომ მითხრა: მიყვარხარ...
გახადე სიტყვები სიტყვებზე ტევადი...
არ მყოფნის 3D... 4D... 5D…
მინდა სიყვარული ყველაფრის ჯერადი…

გახადე ამ სიტყვებს ფარჩა და ატლასი,
შეაბი გიშერი, - არავინ გათვალოს...
შიგნიდან ერთი ხარ, გარედან - ათასი...
მე მინდა, სულ ყველა რომ ჩემში დავთვალო...

ც.ბ. 14.07.2016

Thursday, July 14, 2016

სუსტია ყველა... <<< ცირა ბარბაქაძე >>>

სუსტია ყველა:
ვინც სიყვარული
გამოკეტა საკუთარ თავში,
მთელი ცხოვრება
ვინც სიზიფეს ლოდი აგორა,
ვინც ისე დაჭკნა,
ვერ მოასწრო ყვავილად გაშლა,
ვინც სიყვარული
მთელ სამყაროს ვერ გააგონა...
სუსტია ყველა....
სიყვარული ვინც ვერ ჩატვირთა
სულში და
ზღვები ვინც აქცია მღვრიე აუზად...
და ვისმა გულმაც
ვერ გაუძლო ასეთ დატვირთვას -
ადგა და შიშით
სიყვარული დააპაუზა....
სუსტია ყველა...
ც.ბ. 14.07.2016