Sunday, October 13, 2013

მე წავალ ***ნინო ალადაშვილი***

მე წავალ მაშინ, როცა გული სიყვარულით სავსე მექნება - 
და არ შევხვდები სიკვდილს დაღლილ, ცარიელ გულით.
მე წავალ, სანამ ფრთებთან ერთად ფრენა ისევ მემახსოვრება - 
შევეგებები სიკვდილს ცაში, ჩიტებთან ერთად.
მე წავალ, როცა ცელქ თვალებში სიხარულის ცეცხლი მენთება -
ვერ დაინახავს ჩემს სევდისფერ თვალებს სიკვდილი.
მე წავალ, როცა თმას ყვავილის, მზის სურნელი ისევ ექნება -
დავხვდები სიკვდილს სასთუმალზე, გაშლილი თმებით.
მე წავალ მაშინ, როცა ბაგეს კვლავ უნაბის ფერი ედება -
ამოიკითხავს ჩემს ბაგეზე სიკვდილი სიტყვებს:
"მე ისევ მიყვარს! "

13 ოქტომბერი, 2013 წელი

Sunday, October 6, 2013

პილატეს დუქანი ***საშა გველესიანი***

ქარია... ქუჩაზე მიდიან
ჭადრები,
მზე, შუბლით ჩინარის 

ტოტებზე ეყრდნობა
და ქალაქს,
ალყაში აქცევენ ავდრები...
კარს მომდგარ დეკემბერს
არ ძალუძს შენდობა.
პილატეს დუქანში
ვეთრობი კაბერნეს
და ვხვდები, რომ ვცდები...
ის ხვდება - რომ ცდება...
ვიხსნებ, ინათა...
მომზილეს...
შთამბერეს...
ამართვეს ნეკნი და
მაჩუქეს ოცნება.
კედლები იშნობენ
კორინთულ კამარებს,
ეს ქუჩა, არსად და
არსაით არ მიდის...
ობოლი ბავშვები
უფრთხიან ავარებს
და უძვლო სიცივეს,
ხვალინდელ ამინდის.
უშენო დღეები მიჰქრიან,
მიჰქრიან...
უდაბნოს მკვიდრივით
გეძებ და გსურვილობ...
სადა ხარ, სადა ხარ,
შორეულ, ფიქრიან
სიზმრებში დანთქმულო
სიცოცხლის წყურვილით.
წარსულის იდუმალ
დღეებით ავები,
(შორს ვლანდავ,
ნისლებში დამესილ წიფლიანს)
ტოტებზე ნოტებად
დამსხდარან ყვავები,
რაღაცას ფიქრობენ და
ცოდვებს გითვლიან.
დავთვერი...
გონება წასვლისას მაბარებს
საფიქრალს... და ცისკენ
მიფრინავს ერდოდან...
მავანი დასტირის
საკუთარ სამარეს
ვინც მარტო იყო და
სიჩუმით ტკბებოდა.
ხანდახან, მწირივით,
არაფერს ვისურვებ,
ხანდახან, ყველაფერს
შევტირი სიხარბით...
დროდადრო მიხდება
ღიმილის სისრულე...
დროდადრო მაოცებს
ჩემივე ნიღაბი.
დაღლილმა მზემ,
ტყეებს შეუნთო ხანძარი,
მე გხედავ ზამთარო,
ტკივილით ორსულო,
ბზარებით მოსილი ვარ,
როგორც ტაძარი
და ჩემში, არავინ,
არავინ ლოცულობს.
საღამოც შემთვრალა...
ჩუმი და საჩემო,
არც თავი, არც ბოლო
არ უჩანს ამ ქუჩებს
და ქარი,
პატარა ობლების გარშემო,
ოქტომბრის თბილ ფოთლებს
ნელნელა აქუჩებს.

6.10.2013

Monday, September 30, 2013

როდესაც მიმზერ ***ნინო ალადაშვილი***

როდესაც მიმზერ,
შენ ვერ გხედავ,
მაგრამ ვხედავ ჩემს ზურგსუკან
შენს მზერას, გამჭოლს,
სულს რომ მიშფოთებს.

როდესაც მიმზერ,
მთელი სამყარო დუმდება ჩემთვის,
არ მესმის სხვა ხმა...
მესმის მხოლოდ საკუთარი
გულისცემის ხმა.

როდესაც მიმზერ,
არ მაკავებს დედამიწის
მიზიდულობა,
ვვარდები სადღაც,
თავდავიწყების უწონადო
სივრცეებში...
ვერ ვპოულობ
დაკარგულ სხეულს.

როდესაც მიმზერ,
მე ვცდილობ, მივხვდე:
იქნებ თმებზე მეფერება შენი მზერა,
იქნებ მხრებზე,
იქნებ ზურგზე,
იქნებ მკლავებზე.

როდესაც მიმზერ
და მეც ვბედავ, მზერა შევაგებო
დაჟინებულ შენს მზერას წამით,
მე მემუქრება
შენი თვალების ზღვა დახრჩობით,
ვეღარ ვუძლებ
და თვალს გარიდებ.

როდესაც მიმზერ,
შენს თვალებში ვკითხულობ
სიტყვებს,
სიტყვებს, რომელიც არასოდეს
არ გითქვამს ჩემთვის...
შენი მზერა ჩემს პასუხს ელის...
მე უძლური ვარ.

როდესაც მიმზერ,
როდესაც მიმზერ,
როდესაც მიმზერ..........
უსასრულოდ გრძელდება წამი,
საათს ისრები ეკარგება,
დრო ჩერდება
და ეს წამი იქნებ ჩვენთვის
სიცოცხლედ ღირდეს!


23 ივნისი, 2013 წელი

Wednesday, September 18, 2013

ირინოლა მეიფარიანო ***თამო ჯაფარიძე***

ჰეი,  ირინოლა  მეიფარიანო,
ენგურს მოჰყოლიხარ და სველდები სევდებით,
მონაპირე  ქვებით,   მდინარეზე
შესეული ჭრელი ფოთლებით...
გახსენი კალთაბროლები - დედის სანთელხელებით,
გადამაწვინე  მკლავებზე - ფიქრის ბორანზე,
ღამის ყორანი - შიშის ქვაზეგანი გამინათე,
დაუძახე მხედრებს - ტყეში შეხიზნულ მწვანე ყაჩაღებს,-
ნაძვის დევბიჭებს, ცაში ნამეხარ ქუხილებს...
წვიმის წუხილებს  უმღერე ძველი სიმღერა, უმღერე!
დაჰკარ  ირინოლა,  ძველი  სისხლკალამი,
დაწერე, დაწერე,-  ჩიტბუდეებში ჩანერგე  იმედები,
გადაუფრინე კოშკების სათოფურებს,
ხელისგულები  აავსე თაფლით,
აქ ხომ ყოველთვის ღმერთი გადმოდის მაღლით!

ჰეი, ირინოლა მეიფარიანო!
განფინე მოწაფის შავი წინსაფარი, გაშალე მძიმე თმები და
უავდრო წელთა ატლასები...
ღამეათასები მოიხმე და დამასიზმრე სიცხადის სიზმრები,
ირმებით მოქარგული ხალიჩები,
სიცხით გათანგული ოქროს ბალიშები,
წამაკითხე  ლურჯი მელნის წერილები,
გეფიცები ვიქნები მომთმენი და დამჯერი, ოღონდ
გაცხადდი და განათდი...  აბრიალდი  და კოცონად  მაქციე!

ჰეი,  ირინოლა მეიფარიანო!
მომიყვანე ჩემი დობილები, - კეთილი მეათეკლასელები,-
დამფრთხალი ბეღურები და ხელჩანთებში გულის წამლების ნაცვლად
ჩაუყარე  მზეჭრელა ყელსაბამები და ბროწეულის ტუჩსაცხები,
ცისნატეხა სარკეები და უმისამართო ბარათები...
სხვა არაფერი...  არც დაგვცდება აუგი რამე...
აუშვი ღამე - შავი ავაზა, ჩარაზე პირღია მიწის კარები,
გახსენი ზეცა - ლურჯ მინდორზე შეფენილი თეთრი კრავებით!

ჰეი,  ირინოლა მეიფარიანო!
ფიქრდები, ფითრდები, ქვავდები და ჭკნები,
დღეები - ლაჩრები მოგდევენ ხავსებით,
ავსებდი დოქებს და წყალს მთებში დასდევდი, ასმევდი
ლექსებს შარბათებს, აბნევდი...
არწევდი ღრუბლების მაღალ საქანელებს
და დროის კამათელებს არასდროს არ  ცნობდი;
ამბობდი,  ამბობდი...
გარბოდი, გარბოდი, გარბოდი!

ჰეი,  დედაბერო!
ჰაი, „სი ხოლა!“ სხვაგვარო  ირინოლა!
ადევნებიხარ  ჩამტყდარ ხიდებზე გარბენილ აპრილებს,
ატირებ ლექსებს და ჭუნირსაც ატირებ...
ან რაღას აპირებ, დადექ, დაოკდი, გახედე ნამდვილებს-
კოშკებზე ბზარები, ქვებზე ქალები...
ადექ  დედაბერო,  აკეცე დილა, დაბერტყე სიზმარი,
მოქსოვე  სათბილო, მოგადგა ზამთარი....
კართან დგას  აფთარი, - ნამდვილი სათქმელით...
პური და სასმელი  ხელებზე მოიბი,
შეჩერდი, იმ მინდვრებს შენ ვეღარ მოივლი!
ყოილი დააგდე,  დაკემსე ბალახი, არ გიცნობს არავინ,
სხვა არი მთავარი!

ჰაი, დედაბერო!
მოისხი თავშალი, ძვლებს ხმა რომ ჩაუდგა  არ არი ხარხარი,
ვინაა მართალი, ჯერ ისევ არ იცი,
ჰაი, შე კერკეტო, გგონია დაიცდი...
წლების ჯირითებს ვერ შეაჩერებ,
ჰო,  ვეღარ მაჩვენებ აპრილის ფანჯრებს...
და ვიდრე გამჩენს უსტარი ხელში აქვს,
გერჩიოს დადევი სალექსო კალამი,
დაწერე ანდერძი,-
და ირინოლას,  უმზითვე სამზითვო -
საშენო ნამდვილი
სვანური ამბავი...

Thursday, September 5, 2013

დავეძებ...***საშა გველესიანი***

დავეძებ სათქმელს, 
რაც არასდროს არავის უთქვამს...
უბრალო კიბეს, 
მეგობართან რომელიც ადის,
ზამთრის ყინვაში,
გაზაფხულის დავეძებ სუნთქვას,
სიტყვის მოსმენას
უფრო ვარჩევ, ვიდრე შარადის.
ზურგს, გამარჯობას
არასოდეს არ ვეუბნები,
თოხის ტარებზე
ჩამომჯდარი საღამო მიყვარს...
მენატრებიან
მომღიმარი ძველი უბნები...
ფიქრებს ბავშვობა
ხელს ჩაჰკიდებს და სადღაც მიჰყავს.
მზეს ვეძებ...
გუთნიდედებთან რომ გაიოფლება,
მთვარეს, - ღელეში,
გამომტყვრალი როგორ ჩაწვება
და კვამლს, - ზამთრისას
რომ იციან მთაში სოფლებმა
ფიფქებს, - წვეთებად
რომ აქციეს ბავშვის ღაწვებმა.
რა ვქნა, წარსულმა
მოგონებებს არ მიმაკარა...
გოგონას ვეძებ,
თეთრი კაბით და გულსაბნევით...
გაუცხოებულ
ორღობეში ვხედავ პატარას,
შენი თვალებით,
შენი ფერით, შენი დაბნევით.
აბრიალდება
ეზოებში ისევ ძახველი...
შემრცხვება... გახსოვს,
სახეზე რომ ალმური ვიცი...
ცაცხვი, დანით რომ
ამოვჭერი შენი სახელი –
გაზრდილა...
ცისკენ წაუღია ბავშვური ფიცი.
ახლა კი გული,
ხურჯინივით მინდა დავცალო,
კართან ჯიუტად
ჩამომჯდარი წლების კალათში...
და წუთისოფელს
არაფერი არ დავაცალო...
თორემ სჩვევია,
ასე მწარედ, გულთან თამაში.

Friday, August 30, 2013

შეშლილი მთვარე ***საშა გველესიანი ***

მშიერი დღე და ალქაჯივით 
უკმეხი ქარი,
ოთახში ისევ უშენოდ და 
უღმერთოდ ცივა,
ვეჩვევი წუთებს და აღარსად
აღარ ვიჩქარი
ეზოში, ხიდან, დახოცილი
ფოთლები ცვივა.
გათოშილ დღეთა მარტოობის
ვნებით ვიგზნები,
ყოფნა-არყოფნის არჩევანი
ახლა დიდია...
იკარგებიან შეუცნობელ
სივრცეში გზები
რომლებიც არსად,
უკვე არსად აღარ მიდიან.
ტანზე სირცხვილის ტალავარი
ნისლებად მეცვა,
ჩამონაწური ცრემლები და
სევდა ქარაფის,
არ შემიძლია, რაც კი ვიცი,
არაფრის შეცვლა
და სიმშვიდისთვის ვერ ვისწავლე
ცოდნა არაფრის.
რამდენი სიტყვა, გაუთქმელად
ყელში გაჩრილი
მახრჩობს და უტყვი ბინადარი
ოთხივე კუთხის,
ოთახში დადის დაბნეული
შიშის აჩრდილი,
საკუთარ თავს რომ მიგდებული
ბავშვივით უფრთხის.
როგორც წვიმისას, ზუსტად ისე,
წუხელ რომ წვიმდა,
მიუსაფარი შეეხიზნა
ღამით ნიბლია,
ერთხელ მიხვდები,
სიკვდილამდე შენთან მომინდა
და უშენობა
სიკვდილივით არ შემიძლია.
აპრილისდარად უძირო და
სხვაფერი როა
სიზმარი, სადაც პარისივით
გეამბორები...
მაგ თვალებისთვის ინგრეოდა
ბებერი ტროა
შეუვალობის ანტიური
მეტაფორებით.
ნიავის ფრთები,
ტირიფებზე უფრო მოქნილი
და ღამეული რეფრენებით,
შენში ვითვალე...
ოტელოსავით ეჭვებისგან
უგონოდქმნილი,
ჩინარის წვერზე წამოეგო
შეშლილი მთვარე.

მპარავენ დღეებს *** საშა გველესიანი***

ვიღაცა, დღეებს მპარავს უჩუმრად
და მგონი ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს,
ვხვდები მშვიდად და ვიტან უჩხუბრად
სადღაც ზურგსუკან ამოთხრილ ორმოს.
წაიღოს, მაგრამ მინდა იცოდეს,
ყოველ დღეს თითო სიკვდილი ახლავს,
გული რომ ერთხელ არ შეგიცოდებს
და გუთანივით უცებ გადაგხნავს.
დღეები სავსე მწარე სიტყვებით
და აუხდენელ სურვილთა წყება...
მზის ამოსვლის დროს როგორ იწყები,
მზის ჩასვლისას რომ სიცოცხლე წყდება.
მოპარულ წუთებს გაჰყვება ხსოვნა
და მარტოობის გაბმული კვნესა,
რამდენჯერ ფუჭად მისვლა და თხოვნა
ბედთან, პირი რომ ამოიკემსა.
თუ შეძლებ მარტო ყოფნისას ღიღინს,
მიუწვდომელი გიყვარდეს ქალი,
მტირალი მტირალს ჩუქნიდე ღიმილს
და წაშლილ გზაზე იპოვო კვალი.
არ გაგიკვირდეს როცა დარდი ხარ,
როგორც სიჩუმით სავსე სამარე,
ჩამოძონძილი რატომ დადიხარ
და უიღბლობას მხრებით ატარებ.
დაღლილმა მაინც გამოსხლა ვაზი,
არ გასვენებდეს გული სამიწე,
სიკვდილს რომ შეხვდე ამო თავაზით
და ხეტიალიც საით დაიწყე.
ღამეს სარკმელთან უხმოდ ათევდა
ჩემი ბედის და რწმენის კარედი
და სიყვარულის ულმობელ სევდას,
თვალნაცემივით შენც რომ დანებდი.
არ გაიკვირვო რატომ, რა მოგდის,
შენ უნდა ზიდო ტვირთი იმხელა...
ნუ მკითხავ უცებ რისთვის დაღონდი
და შიშმა უცებ რატომ გიყელა.
მიტოვებული ბავშვობის ცრემლი,
წყალგადასხმული, ჩამქრალი კერა,
გული __ მდუღარე დღეების გრდემლი,
ზედ ყველა თავის ტკივილს რომ კვერავს.
ვინც კი გაუძლებს ამგვარს და ამდენს
და მაინც მიაქვს, კარგი უქნია...
ყოველ წუთს, მწარე ცრემლებად ნადენს,
წაიღოს, ვუთმობ და მიჩუქნია.