Thursday, July 14, 2016

სუსტია ყველა... <<< ცირა ბარბაქაძე >>>

სუსტია ყველა:
ვინც სიყვარული
გამოკეტა საკუთარ თავში,
მთელი ცხოვრება
ვინც სიზიფეს ლოდი აგორა,
ვინც ისე დაჭკნა,
ვერ მოასწრო ყვავილად გაშლა,
ვინც სიყვარული
მთელ სამყაროს ვერ გააგონა...
სუსტია ყველა....
სიყვარული ვინც ვერ ჩატვირთა
სულში და
ზღვები ვინც აქცია მღვრიე აუზად...
და ვისმა გულმაც
ვერ გაუძლო ასეთ დატვირთვას -
ადგა და შიშით
სიყვარული დააპაუზა....
სუსტია ყველა...
ც.ბ. 14.07.2016

Friday, July 8, 2016

*** გიორგი ზანგური ***

***

დღეს შენნაირი ნაზი ვარ,
მსურს ყვავილების კრეფა,
ხვალ ყვირილი და ბრაზი ვარ,
ხვალ გაღიმება ქრება.
მაქვს შენი ფერის აურა,
თან ცისარტყელა ერთი,
ორივეს გვიყვარს ხმაური,
გვწამს ერთნაირად ღმერთი.
მე შენნაირი ყელი მაქვს,
შენ ჩემნაირი სუნი.
ჩვენ მთვარე გვიყვარს თხელი და
გვაქვს ერთნაირი წუნი,
ცა ლურჯი გვიყვარს უაზროდ,
ზედ მოწითალო ხალი.
ზღვაც გავიყავით შუაზე
ვით საფირონის თვალი.
თუ გავიცინებ შენიდან,
თუ ავტირდები - შენგან.
ვინც ვარსკვლავებში შევიდა
ის მეოცნებედ შედგა.
ვინც ჩამოვარდა იქიდან,
ვინც უსურვილოდ დარჩა,
მან სევდიანად იკითხა
ჩემი ტყუპი ხომ რ ჩანს?
მას უპასუხეს - არა,
და მან მოიწყინა ისევ.
მაქვს შენნაირი კარადა,

დღეს ჩახუტებას ვიცმევ.

Saturday, June 18, 2016

*** მარიამ კოზმანიშვილი



***
როცა მთვარე, ირიბი,

ნისლის ზეფირს გაჰყვება,
მზე ტირიფის მტირალ ტანს
როცა ცხელ შუბლს მიადებს,
მდინარისპირს, ყანჩებთან
და შრიალა არყებთან,
ქვებზე, როგორც კეცებზე,
დავდებ ხსოვნის ხმიადებს.
მერე, შებინდებულზე,
შუქ-ჩრდილების თამაშში,
დღეს რომ ააბულულებს
ღამის ბნელი ფიწალი,
ჩავემხობი მწუხარედ
ყაყაჩოთა ყანაში
და ბეჯითი ბავშვივით,
უშენობას ვისწავლი.
/მ.კ./

Wednesday, April 20, 2016

გარმონზე სამღერ *** დევი დედაბრიშვილი



სიყვარულმოუცლელავ, 


შემოდგომისად დაღვინდ....

დარდმწამლებელო ქალავ,


ქარმფარებელად არ გინდვ...

ფიცგამტეხელავ,

სინდის ამიჯანყდ გლახაკს,

ატლას და ფარჩა გირჩავნ,

ღრუბელბურვილაის კაბას?!

ქარნაფერებავ,

ბალახდ დამაფენ გაღმით,

ფერთაფლ თმაქარაფებზედ,

ნაწნავბაწრებად დამკიდ...

სიყვარულმოუცლელავ....

Monday, January 12, 2015

მიყვარხარ...!!! *** პაატა მძინარიშვილი***

მიყვარხარ...!!!

და მერე,როგორ...!!!

ჩემო,

ბეღურა გოგოვ...

ყველა გაფრინდა,

ოღონდ,

შენ ისევ

ჩემთან ცხოვრობ...

ვიცი,

სულ მალე 

მოთოვს

და მოფერებას

მომთხოვ,

წამოგახურებ მხრებზე

წითელ და

ყვითელ ფოთოლს...

ყურში

ჩურჩულით გეტყვი-

მიყვარხარ...!!!

და მერე, როგორ...!!!

ჩემო ერთგულო

ჩიტო...

ჩემო ბეღურა

გოგოვ...

პაატა.

Sunday, November 30, 2014

*** ტარიელ ხარხელაური


შავად ვირევი, ვტრიალებ,
მთათა წვერებზე ვგროვდები,
რა გზნექავს, ქარო, ტიალო,
რა წარამარა ღონდები.
ეჰე!- დღეს აღარ იფრინოთ,
მხარკვერიანო არწივნო,
მზადა ვარ, უნდა ვიგრგვინო,
მთელი სამყარო დავწვიმო,
წავლეკო ნიაღვარებით,
მტვერში და სისხლში გავრიო,
მერე დავჭამო ქარები,
და ეს სილურჯე დავლიო.
კიდევ ჩამოდგეს მთქნარებით,
ტყეების ზემოთ მთვარეო,
ცრემლით დამილპა თვალები,
დავთმე, მუხლთ მოვიხარეო,
ახლა მათ ლოკონ წვალებით, 
ბედის მარილი მწარეო.
მთქრევით ჩამოვლსხტი მთადამთა,
ხევები ავიჩქამეო,
ცის გულისპირზე გადატყდა
მოყორნისფერო ღამეო.

Saturday, October 11, 2014

***ძევახ,სიცოცხლეო ჩემო *** ნანა ქელეხიძე

ძევახ,სიცოცხლეო ჩემო,
ვართავ თითისტარზე მთვარეს,
გულში მზე გამთბარა ჩვევად,
მკერდზე-ამეთვისტოს თვალი.
ისევ გამოვყურებ შენს გზას,
ზოგჯერ მალვით,
ჩუმად ვოხრავ,
ვიცი,არ მატყუებს გზნება,
მოხვალ,
უეჭველად მოხვალ.
იქნებ წელს არა და...
სხვა დროს...
სულ სხვა საუკუნის ღამეს,
შენი არყოფილი ცოლი,
რწმენას ყოველ დილით ვაღებ...
ნისლი ეპარება რიჟრაჟს,
წურავს საწნახელი ღრუბლებს,
ისევ უღიმღამოდ ჟინჟლავს,
მამტვრევს უშენობით დაღლილს...
ვზივარ,
მუხის აკვანს ვარწევ,
ჩვენი არშობილი ჩვილის.
ვზივარ,
ქვა გახეთქა წლებმა,
მკერდზე ამეთვისტო სივის,
მტკივა,
მზე გახეთქა წლებმა,
ლოდინს გაუხუნა ჩერო,
ბოლო გაკივლებამ სისხლის-
"ძევახ,სიცოცხლეო ჩემო!"...