Friday, August 30, 2013

ქაღალდის მისტერია ანუ კეისარს, კეისრისა *** საშა გველესიანი***

ქაღალდზე თენდება, ქაღალდზე ღამდება,
ქაღალდებს, ბედ-იღბალს ანდობენ მავანნი,
ქაღალდზე, ხანდახან, ცხვარიც კი ავდება,
ვინ იცის ქაღალდის ავან-ჩავანი.
. . .
წარსულის დღეებმა დამიგეს მახე და
ამდენმა შეკითხვამ დაქანცა გონება,
ნეტავ სულის სასწორს ერთხელ შემახედა,
ვნახო, ცოდვა-მადლი როგორ იწონება.
როდემდე ვუთრიო სიცრუეს ბაწარი,
სულსაც მოაკითხეს საყიდლად ჩარჩებმა,
მთის წვერზე, საძვალეს დაჰყურებს ტაძარი,
პასუხის გაცემის დროც აღარ დარჩება.
თითქოს და წამგვარეს ბატკნების ფარა და
წამართვეს მიწა და წაიღეს ხერთვისი,
ღამდება აშკარად, -- თენდება შარადა,
ვერაფრით შევძელი ამოხსნა მერმისის.
. . .
თევზი რას მიქვია, მომე სათხეველი,
ქუდზე დამიძახეთ, ჯავარდნით და ფარით,
ძარღვებში სისხლია შენთვის სათხეველი,
ლოცვებში დამმარხეთ, სახეზე დაფარნით.
სამშობლო, ქაღალდზეც ეტევა თურმე და
მავანი, რომელიც ხელსაც არ შეისვრის,
არცოდნით, კეისარს უფალში ურევდა...
ღმერთს, ღვთის ეკუთვნის და კეისარს კეისრის.
ვინღა გააშიშვლებს ხალიბურ სატევარს,
სახეს, სადიდგორედ ვინ აიალმურებს,
სული ემსგავსება ძაღლების ნათევარს,
კაცი აღარ დარჩა საწიწამურე.
. . .
ქაღალდზე სიკეთის წერტილის ძებნაში,
სიცოცხლე, ხანდახან ერთ ბეწვზე ჰკიდია,
ქაღალდზე, ხანდახან ლექსებსაც წერენ და
ქაღალდზე, ხანდახან სულებსაც ჰყიდიან.

ანიდან ჰოემდე *** საშა გველესიანი***

ანი – სხივი გაჰკვეთს ბნელის მახეს,
ბანი – ცა იხსნება, იბადები,
განი – განათდება დედის სახე,
დონი – ძუძუს დვრიტას მიადგები.
ენი – უხეშ თითებს შუბლთან იგრძნობ,
ვინი – ვინ არის და მამაშენი,
ზენი – ზემოთ აგიტაცოს ვინძლო,
ჱ - ეი – შენი მოდგმა დაამშვენე.
თანი – დაგედგმება ნათლის სვეტი,
ინი – ზეცას ესმა სათხოვარი,
კანი – მირონს იცხებ ერთით მეტი,
ლასი – გაგიღიმებს მაცხოვარი.
მანი – ზეციერის იყავნ ნება,
ნარი – ანგელოზი იარება,
ჲ - იე – ტაძრად ისევ მიყვანება,
ონი – ჰყონ პირველი ზიარება.
პარი – შეუმჩნევლად იპარება,
ჟანი – ყმაწვილობის მწვანე ფერი,
რაე – ცისარტყელა იფარება,
სანი – არსებულა არაფერიც.
ტარი – სატევარზე ხელის გასმა,
ჳ - ვიე – მიეტევე მტერს და დუშმანს,
უნი – ურჯულომ და ეშმას დასმა,
ფარი – რომ შენს მიწას ხელი უშვას.
ქანი – სიყვარული გეახლება,
ღარი – ბედი იდენს ღვინოსავით,
ყარი – ბიჭი ჩნდება შენს სახელად,
შინი – გოგო, -- წმინდა ნინოსავით.
ჩინი – თვალისჩინი ნელა ქრება,
ცანი – გაეცანი შენს სიბერეს,
ძილი – ბალღის ძილი გენატრება,
წილი – მიწა წილად შეგიფერებს.
ჭარი – ნაჭარმაგევს გამოჩნდება,
ხანი – ხანმა რამე დააპიროს,
ჴ - ხარი – დრო ხარივით გაოჩნდება,
ჯანი – სული ტანში დაჯახირობს.
ჰაე – სხეულს ტოვებ, ლაჟვარდს ერთვი,
ჵ - ჰოე – გულში გიკრავს ისევ ღმერთი.

ხიდი ნისლში *** საშა გველესიანი***

როგორ ვიღლები იცი, ხანდახან,
ღამდება უკვე, დღეც ხომ იღლება,
ცრემლების, აღარ მინდა დანახვა,
გასათენებლად ამოყივლება.
ეს ხიდი, სადღაც ნისლებში მიდის,
სადღაც სახლია, იქით ნაპირზე,
დეკემბრის დილას, ფერი აქვს ბინდის
და მეც შიშით და ბინდით ავივსე.
ამ ნისლში, ალბათ დემონი ცხოვრობს,
ნისლების მიღმა არის სინათლე,
იცი, ტკივილებს როგორ ვემონე
და რა მწარეა ჩემი სიმართლე.
წარსული, შენი თვალებით მიმზერს
და შენს სუნთქვაში, ჩემს სახელს ვეძებ,
მზით განათებულს, ვიგონებ იმ დღეს,
დაბრუნებას რომ ვერასდროს შევძლებ.
ან ვინ აუღო სიცოცხლეს გეში,
ბედი, ხურდასაც ვეღარ იმეტებს,
ბეღურასავით ჩამაკლავს ხელში,
ბავშვობით სავსე ფერად იმედებს.
სიცოცხლე, დათვლის სიმარტივეა,
უკუთვლით, მალე იქნება ერთი,
ხიდს აქეთ, მხოლოდ სიმარტოვეა,
ხიდს იქით, მგონი მარტოა ღმერთი.
ეს ხიდი, ბედის არის სადარი,
ჩუმად მითხარით, ახლა სადა ვარ,
ნისლია ჩემი შიშის მხატვარი,
მაგრამ ამ ხიდზე, მაინც გადავალ.

ლექსების გამყიდველი *** საშა გველესიანი***

იცით, დავდივარ და ლექსებს ვყიდი,
არა რომანებს, არც მოთხრობებს და არც ესსეებს…
მხოლოდ ლექსებს ვყიდი, მხოლოდ ლექსებს.

თქვენ სევდიანი ღიმილი გმოსავთ,
არ გინდათ ლექსი, ღამენათევი?
ყოველ სტრიქონში ჩემი თითო ცრემლი ჩავდე.
თქვენ მოგიხდებათ ასეთი ლექსი…
იყიდეთ, პურზე გამიცვალეთ, ისე გაჩუქებთ...
და სიტყვას გაძლევთ, დავივიწყებ ჩემი რომ იყო.

ან თქვენ, ყანწი რომ გიჭირავთ და
თვალცრემლიანი სამშობლოს აქებთ,…
ლექსს არ იყიდით?
მხურვალე სიტყვებს, სისხლით დავწერე… საკუთარით.
მე? __ მე არაფერი, ერთი ჭიქა დამალევინეთ

თქვენ კი ქალებზე რატომ ჭორაობთ?
კაცი ხომა ხართ?
უმჯობესია იყიდოთ ლექსი.
სიყვარულზეა, ვნებაზე და ნათელ ღამეზე.…
თქვენი იქნება, მე ვივიწყებ გაყიდულ ლექსებს.…

დავდივარ ვბორგავ, შემოდგომის ფოთოლივით
ქარსაყოლილი, -- მიწას რომ ეძებს.…
ღამე მაწვალებს, დავწანწალებ…
და რაღაც დიდი, უდიდესი მრჩება უთქმელი.

ჩემი შემოდგომა *** საშა გველესიანი***

სული მიათრევს, ცოდვებისგან 
გადაღლილ სხეულს,
ვერ ამოვხსენი თუ რა მერგო,
წილად ზეცისგან
და შემოდგომას, ზამთრისპირის
კვართში გახვეულს,
ბოლო ფურცელიც მოსწყდება და
ტანზე შესცივა.
ჩემში გზა გადის, ჩამომაბეს
სულზე კარები,
თვალში ჩავარდნილ ტკივილს, ფიქრი
ვეღარ ივიწყებს,
შეშინებული აჩრდილები
დაატარებენ,
სიცარიელის უღმერთობით
სავსე სიბილწეს.
უცხო თვალებში, მარტოობის
ნაკვალევს ვხედავ,
თითქოს რითმებად მოდიან და
ისევ ქრებიან,
ყვითელ ფოთლებზე, დაკარგული
სულები სხედან
და დაბნეული ბავშვებივით
იცქირებიან.
დავდივარ, მგონი დავიკარგე,
აქ არ მიცნობენ,
გზადაგზა, სიტყვებს დავიმგზავრებ,
რომლებიც ვერ ვთქვი,
გვამის სიმძიმეს, მეგობრების
მხრები იგრძნობენ,
ნამდვილ წონას კი, დადენილი
ცრემლებით – ღმერთი.
ზამთრდება. სანამ შემოდგომის
ანთია კერა,
სანამ ჯერ კიდევ, შუქი ახლავს
პირქუშ ამინდებს...
თუ ბედნიერმა ვერ ვისწავლე
ლექსების წერა,
სადმე, ღიმილის საძებნელად
უნდა წავიდე.

ბებერი ქარი *** საშა გველესიანი***

ქარი ზეცისკენ მიდენის ხეებს,
შორეულ ღრუბლებს ხატავს მერცხლებათ,
ღაწვებალანძულ ქალწულ ნეკერჩხლებს
კაბას გააძრობს, განა შერცხვება.
არც შენ დაგზოგავს, წაგართმევს კალთებს,
სუსტი თითებით დაუწყებ ბრძოლას,
თვალებადქცეულ აწვართულ ალვებს
ყმაწვილებივით შეჰკიდებ ჟრჟოლას.
მითხარი ვინ ხარ, დამიდგეს თვალი,
ვინმემ მითხარით ტყვიადასახლელს…
არ დამიმალავს ძმაკაცი ქარი
და ჭორიკანა ნიავს მაახლებს.
. . .
მიამბობს __ ქარმა როგორ გაგხადა
თვალები აგიმღვრია ანკარა,
ავხორცმა კინაღამ ნამუსი აგხადა
ყვავილებს დამართა თაკარა.
ეს როგორ მაკადრე ქარაშოტო,
ოცნებებს მინიავებ მოძალადევ,
უნდა თმით გითრიო და გაგშოლტო
Bბებერო კუდიანო და მოღალატევ…
. . .
რამდენი სცოდნია
მოსასპობს ლაპარაკი,
რა მიკვირს, -- ნიავია ეს მაღვალაკი…
. . .
ვბერდები ისევ მაჯობა ქარმა,
ისევ ნაჭუჭის კედლებს ვეხლები.
ვერ შევძელ ცაზე ღრუბლების ქარგვა,
აღარც მოდიან ჩემთან მერცხლები.
მინდა შენს კალთებს შლეგივით დავწვდე
და ვიგრძნო შენი თითების თრთოლა,
წითელი ფერი შევრიო ღაწვებს,


საჯიხვეებზე ავტეხო სროლა.
მაგრამ ვაი, რომ მართლა ვბერდები,
წლებმა დამასხეს შუბლზე ღარები,
შენ ახლა ნიავს ეკეკლუცები,
სხვა გზით დაჰქრიან ჩემი ქარები.

ამოდი მზეო! *** საშა გველესიანი***

წუხელი ღამით, ქარიშხალი,
ჩემს ფარდებს ხევდა,
მარტმა დაიდო, უგუნურმა,
ცოდვა ტყემლების,
მკერდში ჩამიყოფს მარტოობა
გაყინულ ხელს და
სულს, მტევანივით გამოსწურავს
წვიმას ცრემლების.
მხოლოდ ზამთრისგან გაქცეული
მწამს გაზაფხული,
ძილად მივარდნილ ხევებს, ხაფად
დავკივლო უნდა,
მეც მოლოდინით, უსაშველოდ
ვარ გათანგული,
მთვარეს შევყმუი, ვარსკვლავების
__ მიბრუნებს ხურდას.
ვიგონებ წარსულს სინანულით,
ვიგონებ ოხით,
სატევარივით ვერ ვატაკე
სიბნელეს სხივი
და აწი, მიწას თუღა ვუჩხვლეტ
სიბერის ჯოხით,
ამოდი მზეო! სიბნელიდან
ჯიუტად ვყივი.